ხვალ დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ერთმანეს საქართველოს და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
დინამო არენაზე გასამართ მატჩისწინა ვარჯიშამდე საქართველოს ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ და ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
პრესკონფერენციის დაწყებამდე ცნობილი გახდა ხვალინდელი თამაშის წინ გუნდის შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ - ნაკრებს გამოაკლდა ოთო მამაგეიშვილი და დაემატნენ ვლადიმერ მამუჩაშვილი და საბა ლობჟანიძე.
ნაკრების მწვრთნელმა და კაპიტანმა ხვალინდელ მატჩზე და პროგნოზებზე ისაუბრეს:
„ჩვენი მიზანი იქნება ჯგუფის მოგება და ჩვენ რამდენჯერმე უკვე დავამტკიცეთ, რომ ყველასთან თამაში შეგვიძლია. ვეცდებით, მოვიპოვოთ მაქსიმალურად მეტი ქულა.
რაც შეეხება თამაშს, ოთხი თამაში ათ დღეში არცერთი გუნდისთვის არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა რამდენიმე წლის წინ. გვაქვს ასეთი დატვირთვის გამოცდილება და გვახსოვს, კარგად ჩავატარეთ მაშინ შეხვედრები და კარგი შედეგი გვქონდა. განწყობა გუნდში კარგია და მზად ვართ კვლავ კარგი შედეგით დავასრულოთ ყველა მატჩი. თავს იდეალურად ვგრძნობ. ეს ოთხი თამაში დამეხმარება საუკეთესო ფორმის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ამ ოთხ თამაშებში გაეცემა ყველა კითხვას პასუხი“ - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ვილი სანიოლი: „ორშაბათიდან გუნდი შეკრებილია და ვარჯიშებზე საუკეთესო განწყობაა. ტრავმების მხრივ პატარა პრობლემები გვქონდა, დაბრუნდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები, მაგრამ გუნდში ძალიან კარგი შემართებაა და საუკეთესო შედეგისთვის ვემზადებით.
ჩრდილოეთ ირლანდიის თამაშის რამდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი და ანალიზი გაკეთებული გვაქვს. მთავარი იქნება ორთაბრძოლების მოგება. ვიცით მათი თამაშის დეტალები, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ვმუშაობთ ყველაფერზე“.

„პირველ რიგში, როცა გავიგეთ რომ გულშემატკივრების გარეშე მოგვიწევდა თამაში, რა თქმა უნდა პრობლემა იყო. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თამაშს ბავშვები დაესწრებიან. ყველაზე მეტ სითბოს ვგრძნობთ ბავშვებისგან და იმედი გვაქვს და გპირდებით, რომ გახარებულები წავლენ სახლებში.
მიხარია, რომ ჩემს ძმას, თორნიკეს ვხედავ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში. ვუსურვებ, რომ ისე განვითარდეს მისი კარიერა, როგორც თვითონ სურს და წარმოუდგენია. იმედი მაქვს, რომ ჩემზე წარმატებული ფეხბურთელი იქნება.
სასიამოვნოა, რომ წარდგენილი ვარ ოქროს ბურთის ჯილდოზე და უკვე წარმატებაა, როცა ისეთი ფეხბურთელების გვერდით გასახელებენ, როგორი ნომინანტებიც არიან. წინა წელს საუკეთესო წელი მქონდა კარიერაში, მაგრამ უკეთესის იმედი მაქვს. პატარა ქვეყნის ფაქტორზე ვიტყვი - ძალიან მიხარია რომ ქართველი ვარ და ქართველ ბავშვებს უჩნდებათ იმედი, რომ აქვთ შანსი მიაღწიონ ყველა მიზანს პატარა ქვეყნიდან.
შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის ოთხ შეხვედრას გამართავს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან საშინაო მატჩების შემდეგ, ჩვენი გუნდი უნგრეთს ესტუმრება, შემდეგ კი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ბელფასტში დაუპირისპირდება.