"სამწუხაროდ მოხდა უბედური შემთხვევა, ერთო ადამიანი გარდაცვლილია, ერთი ადამიანი დაშავებული. კლინიკაში უტარდება შესაბამისი მკურნალობა. კორპუსი იყო ავარიული . მე-5 კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული. რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. 

კალაძე შემთხვევის ადგილას მივიდა და განაცხადა, რომ კორპუსის ავარიულობის შესახებ არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში.

"იყო გაკეთებული შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში. უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამუშაოებს. თუმცა, ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება  მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული. რამდენიმე ოჯახი, რომლებმაც განაცხადა თანხმობა უზრუნველყოფილია ქირით" - განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.


ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.

მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.