თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა და თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ.
მდინარე ვერეზე 2015 წლის კატასტროფული მოვლენის შემდეგ ლაბორატორიის თანამშრომლებს არ შეუწყვეტიათ მდინარისა და მეტეოროლოგიურ ელემენტებზე ყოველდღიური მონიტორინგი, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია უკვე აღარ არსებობდა და ყოველი ანათვლის აღება გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული; ლაბორატორიაში არ შეწყვეტილა სასწავლო პროცესიც - თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები გადიან სასწავლო პრაქტიკას.
2023-2024 წლებში საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თსუ-ის დაფინანსებით შეიქმნა თანამედროვე, ჰიდრომეტეოროლოგიური საგუშაგო, რომლის მეშვეობით გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტთან ერთად ხდება მდინარე ვერეს აუზში მოსალოდნელი წყალდიდობა-წყალმოვარდნის ადრეული გაფრთხილების პროგნოზირება. გარდა ამისა, აიგო ჰიდრომეტრიული ხიდი, საიდანაც ჩატარდება მდინარის წყლიანობის გაზომვები, განსაკუთრებით წყალმოვარდნებისა და წყალდიდობების დროს. ,,ეს ხიდი არის მხოლოდ დასაწყისი იმ საქმისა, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ ლაბორატორიისთვის. ჩვენი მიზანია მეცნიერების ხელშეწყობა მათ საქმიანობაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააგრძელებს ამ ლაბორატორიის აღჭურვას თანამედროვე აპარატურით,“- განაცხადა თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ.
თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის მერაბ ალავერდაშვილის თქმით, „2015 წელს განადგურებული ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის და გამართული საქმიანობისთვის ხიდის ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია. ხიდმა საშუალება მოგვცა უხვწყლიანობის პერიოდში გავზომოთ მდინარე ვერეს წყლის ხარჯები. ეს მნიშვნელოვანია ამ მდინარის მონიტორინგისთვის, რომლისთვისაც დამახასიათებელია წყალმოვარდნები.“
თსუ ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელის თქმით, ხიდთან ერთად გაიყვანეს წყლის დამაწყნარებელი არხი, დამონტაჟდა წყლის დონეების საზომი ლარტყა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წყლის დონეებისა და ატმოსფერული ნალექების ავტომატური, უწყვეტად გადამცემი დანადგარი, ხოლო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მიერ ავტომატური მეტეოსადგური. შემოიფარგლა მეტეოროლოგიური მოედანი და აშენდა მეტეოროლოგიურ ხელსაწყოთა შესანახი სათავსო.