დიდმა ბრიტანეთმა ქართული ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ ჩართული არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში“.
როგორც სანქციების განმარტებაში წერია, „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს, რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ ისეთს კონტენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.
სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციას, სანქციებს ტრასტის სერვისებზე.
თარგმანი საზოგადოებრივი მაუწყებელი




