პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს „სექტორი 7“ და თითქოსდა მშენებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინების გადაცემის პირობით, კომპანიის სახელით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებულებმა 161 პირისგან მოტყუებით მიიღეს ჯამში 10 726 497.95 ლარი, თუმცა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ დაასრულეს და დაზარალებულებს შეძენილი ფართები საკუთრებაში არ გადასცეს, ხოლო თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.

სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და სასჯელის სახედ და ზომად ერთ-ერთ ბრალდებულს 6 წლით და 4 თვით, ხოლო მეორეს 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.