ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 46 წლის თამარ ქუთათელაძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. იგი ამბობს, რომ სწავლა არასდროს არ არის გვიან - „ასაკი არაფერს ნიშნავს, მე ახლა ვიწყებ თავიდან ყველაფერს, ძალიან ბევრი მიზნები და სურვილები მაქვს.“
როგორც თამარი ამბობს, ეროვნული გამოცდების ჩაბარება არ გასჭირვებია, მასწავლებლობა სურს. პირველი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი ეწერა და სწორედ იქ მოხვდა. ამბობს რომ ოცნება აისრულა.
„საერთოდ არ გამჭირვებია გამოცდის ჩაბარება, სკოლიდან მოყოლებული ცოდნა მაქვს. მადლობელი ვარ ჩემი მასწავლებლების, 30 წლის წინ მიღებული ცოდნა ახლა ძალიან გამომადგა. ადიგენის საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. მართლა არ მქონდა მეცადინეობის დრო, კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით. ისტორიული ფაკულტეტი მინდოდა ძალიან და მოვხვდი ისტორიულ ფაკულტეტზე“,- გვითხრა თამარმა.
წლების წინ, როცა სკოლა დაასრულა სამართალზე ჩააბარა, თუმცა სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. ახლა ოჯახის დახმარებით ოცნებას აისრულებს.
„ძალიან შემიწყო ოჯახმა ხელი, რძალი ყველა გამოცდაზე დამყვებოდა. მეუღლეც გვერდში მედგა, ყოველთვის ნერვიულობდა. როცა გავთხოვდი და ოჯახი შევქმენი სწავლა გვერდზე დამრჩა. ამაზე ყოველთვის ნერვიულობდა ჩემი მეუღლე, მეუბნებოდა შენ უფრო მეტს იმსახურებ და გეკუთვნის სწავლაო და ძალიან გვერდში მიდგას ახლაც, უნდა რომ ვისწავლო უნივერსიტეტში და დავამთავრო.
იმდენად დიდი იყო სურვილი სტუდენტი გავმხდარიყავი, რომ დაბრკოლება აღარაფერი აღარ აღმოჩნდა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მერე რა რომ 46 წლის ვარ. ახლა უფრო გამიადვილდა ვიდრე 18 წლის რომ ვიყავი. ასაკი არაფერს ნიშნავს, მე ახლა ვიწყებ ყველაფერს თავიდან და ძალიან ბევრი მიზნები და სურვილები მაქვს“,- ამბობს თამარი.
გასულ წელს მასწავლებლის გამოცდაც ჩააბარა, ასევე დამთავრებული აქვს კოლეჯი. სურს მასწავლებელი გახდეს. დიდი ემოციებით ელოდება სწავლის დაწყებას, ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი იმიტომ აირჩია, რომ ტერიტორიულად მისთვის ხელსაყრელი იყო.
„მთავარი ფაქტორი ისაა რომ ახლოს არის ეს უნივერსიტეტი და ამიტომ ჩავაბარე. ადიგენიდან სიარული უფრო ხელსაყრელია და მოსახერხებელი. ოჯახი აქ მყავს და სხვაგან უნივერსიტეტში ცოტა გამიჭირდებოდა და თან აქაა და რატომ სხვა?. ჩემს ირგვლივ მყოფებს ვისაც სჯეროდა ჩემი დიდი მადლობა ყველას,“- ამბობს თამარი.