5-6 სექტემბერს ბათუმში, ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან, გასტრონომიული ფესტივალი "გემოფესტი" გაიმართება. ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.

"გემოფესტი" ორივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათამდე გაგრძელდება, დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 16 ვენდორი, მოეწყობა სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.

"გემოფესტის" სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქცია - როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები, და ჩაერთონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებიც.

ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ.

5 სექტემბერს, 21:00 საათზე, კონცერტზე წარმოდგენილი იქნება Big Daddy Wilson  ამერიკელი ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალი და კომპოზიტორი.

"გემოფესტის" მიზანია საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.