აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია რეგიონში ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთან ერთად, ბათუმის ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. სკოლა ბათუმის ცენტრალურ ნაწილში შენდება და 1400 მოსწავლეზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ძირითადი სამუშაოები
დასრულებულია და მიმდინარეობს ფასადის და ინტერიერის კეთილმოწყობა.
აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი.
შეხვედრას და სკოლის სამშენებლო სამუშაოების პროცესის გაცნობას აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა.