აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს მსოფლიოში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ,,WTM ლონდონზე” უწევს პოპულარიზაციას. გამოფენის ფარგლებში, უწყების მენეჯმენტმა 35-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა საერთაშორისო მედიის, ორგანიზაციებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.
მათ შორისაა Bloomberg, National Geographic traveler, Expedia Group, Warner bros. Discovery, Wanderlust, Rough guides, World travel&tourism council, skyscanner, European Best Destinations, Rainbow, Gtmedia, dragon trail international, Ski Press, Rixos, We visit worlds და InTheSnow. გამოფენის ვიზიტორებს საქართველოს სტენდთან საშუალება ჰქონდათ აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ, ქვეყანაში მოგზაურობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
„მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ აღნიშნულ გამოფენაზე და სასიხარულოა, რომ აჭარა და ზოგადად, საქართველო წარმოდგენილია ,,WTM ლონდონზე”. ჩვენ გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა შევხვედროდით ისეთ მსხვილ კომპანიებს როგორებიცაა, Discovery, National Geographic traveler, Wanderlust, Rough guides, მსოფლიო ტურიზმის საბჭო. აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ კომპანიებთან. ჩვენი ამოცანაა რაოდენობასთან ერთად გავზარდოთ ტურისტების ხარისხიც. მასობრივი ტურიზმიდან გადავიდეთ ნიშურ ტურიზმზე და ოთხივე სეზონზე დავტვირთოთ აჭარის რეგიონი,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ კოპლატაძე.
გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. WTM ლონდონი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში წამყვან ღონისძიებად ითვლება, რომელშიც 180 ქვეყნიდან 5500 ზე მეტი სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელი და 46 000 ვიზიტორი მონაწილეობს.
„როგორც Expedia Group, ბათუმთან მიმართებით საკმაოდ კარგ მაჩვენებლებს ვხედავთ. ყოველწლიურად შეინიშნება ზრდა და საერთაშორისო ბაზრებიდანაც ძალიან დიდი ინტერესია როგორც ზოგადად საქართველოს, ისე კონკრეტული რეგიონების მიმართ. უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი წლიური ზრდა როგორც დაჯავშნილი ღამეების, ისე მოგზაურთა რაოდენობის კუთხით. იზრდება ასევე თითოეული მოგზაურის მიერ გაწეული დანახარჯი და საშუალო დღიური შემოსავალიც (ADR). შესაბამისად, ბათუმისა და თქვენი მსგავსი ტურისტული მიმართულებების მიმართ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოგზაურებს უფრო ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა სურთ. ვხედავთ, რომ იზრდება დაინტერესება სხვადასხვა ტიპის მოგზაურებს შორისაც, მათ შორის დემოგრაფიული თვალსაზრისით. ბათუმში ჩამოსვლით დაინტერესებულები არიან როგორც წყვილები, ისე ოჯახები, რომელთაც სურთ, კიდევ უფრო ხშირად ეწვიონ ქალაქს,“ განაცხადა ექსპედია ჯგუფის მარკეტინგის რეგიონულმა მენეჯერმა ბლორა სანჩესმა.