„ქალბატონი სალომე ბუნებით ძალიან რთული ქალბატონია და ეს მის პრეზიდენტობაშიც გამოიხატა, ასე ვიტყოდი. მე ვერ გეტყვით, რომ ხელს უწყობს მშვიდობას საქართველოში. ვერ გეტყვით, რომ ხელს უწყობს იმას, რომ ამ კრიზისს ჩვენ რამენაირდ მშვიდობიანად მოვუაროთ, ვერ გეტყვით ამას“, - ამის შესახებ ადა მარშანიამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის შეფასებისას განაცხადა. 

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ადა მარშანია, რომელიც ამჟამად საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.

„ცუდი კანდიდატურა არის, უფრო უკეთესად უნდა გეფიქრათ კანდიდატურის შერჩევისას. ხმას არ ვაძლევ, შესაბამისი გრაფა არ არის, ამიტომ არაფერს ვხაზავ და ცარიელი ფურცელი უნდა ჩავაგდო“, – აღნიშნა მარშანიამ.

შეგახსენებთ, საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს - პრეზიდენტის პოსტზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა

პარლამენტის სასახლეში კენჭისყრის პროცესი 09:00 საათიდან დაიწყო და 14:00 საათამდე გაგრძელდება.

კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება, ხოლო პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა კოლეგიის სულ მცირე 200 წევრის ხმა.

საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

რაც შეეხება საარჩევნო კოლეგიას, ის 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში არიან – პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი – 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20 წევრი და საკრებულოების 109 წევრი.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 109 წევრიდან „ქართულ ოცნებას“ 54 წევრი უნდა წარედგინა, ხოლო რვა ოპოზიციურ პარტიას – 55. იმის გამო, რომ ოპოზიციამ საარჩევნო კოლეგიაში საკრებულოებიდან წევრები არ დანიშნა, მათთვის განსაზღვრული 55 ადგილი მმართველმა გუნდმა შეავსო, რის გამოც საარჩევნო კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ 211 წევრი ჰყავს, საიდანაც 89 წევრი პარლამენტიდან არის, 13 წევრი – აჭარის უმაღლესი საბჭოდან, ხოლო 109 წევრი – საკრებულოებიდან.

პარლამენტი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას ცესკო-ს საშუალებით უზრუნველყოფს. პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, თავის სხდომაზე შეაჯამებს, რომელიც არჩევნების მსგავსად პარლამენტის სასახლეში გაიმართება.