საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილება ფაქტობრივად დაუშვებს იმგვარი დამატებითი ინსტანციის არსებობას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

გორდულაძის განმარტებით, არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კონვენცია არ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემდგომ ინსტანციად ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

მისი თქმით, გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის დამატებითი ვადის დაწესება ე.წ. სუსპენზიური ეფექტის გამოყენებას გულისხმობს, რაც მოცემულ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათს ეჭვქვეშ დააყენებდა.

„შემთხვევითი არ არის, რომ მხარე მეოთხე ინსტანციასთან დაკავშირებით აპელირებდა. რას ამბობს მხარე და რატომ აკეთებს ამაზე აქცენტს? მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ წინასწარ უნდა განაცხადოს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ძალაში არ შედის მანამ, სანამ მისი გასაჩივრების შესაძლებლობა არ ამოიწურება. ამით სასამართლომ ფაქტობრივად უნდა დაუშვას, რომ მისი გადაწყვეტილება შესაძლოა სხვა ინსტანციაში გასაჩივრდეს.

თუმცა, არც საქართველოს კონსტიტუცია და არც კონვენცია არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ სტრასბურგის სასამართლო ან სხვა რომელიმე სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემდგომ, დამატებით ინსტანციად ჩამოყალიბდეს.

თქვენ მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება თავისი შინაარსით სწორედ იმას იტყვის, რომ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოზე მაღლა მდგომი ინსტანცია. სხვა არაფერია თქვენი მოთხოვნა ერთთვიანი ან ნებისმიერი სხვა ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რასაც, მაგალითად, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ვხვდებით ე.წ. სუსპენზიური ეფექტის სახით. ეს გულისხმობს აქტის მოქმედების შეჩერებას და მის ძალაში შესვლას მანამდე, სანამ გასაჩივრების ვადა არ ამოიწურება ან სასამართლო არ იტყვის უარს სარჩელის დროულად მიღებაზე. სწორედ ამას გვთავაზობთ თქვენ, თუმცა ჩვენ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ვიმყოფებით, სადაც პროცესს პლენუმი განიხილავს“, - განაცხადა გორდულაძემ.