ავსტრიის  პარლამენტი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის წევრების შეფასებებს აქვეყნებს. 

როგორც ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 54% მიიღო, ხოლო ოპოზიციას შედეგების აღიარება არ სურს. 


ინფორმაციის თანახმად, არჩევნებზე მრავალი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია იყო წარმოდგენილი, 500-ზე მეტი დამკვირვებლით. 
ეუთოსა და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის პარლამენტის წევრებმაც.
ბუნდესრატის წევრის, ჰარალდ ჰიმერის განცხადებით, მის სადამკვირვებლო არეალში არანაირი დარღვევა არ დაფისქირებულა.  


„ცხადია, რომ მე მხოლოდ ჩემს სადამკვირვებლო არეალში არსებულ ვითარებაზე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია. მე ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი დარღვევა, რომელიც მიმართული იქნებოდა საარჩევნო პროცესის და მისი ტექნიკური მსვლელობის შესაფერხებლად“, - აცხადებს ჰარალდ ჰიმერი.


ბუნდესრატის წევრი კლემენს კოფლერი აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა და ამომრჩევლებმა ხმა ყველანაირი ზეწოლის გარეშე მისცეს.
„ჩვენ დავაკვირდით, რომ ამომრჩევლებმა ხმა მისცეს ზეწოლის გარეშე. საარჩევნო კაბინები იყო გამჭვირვალე და კარგად დაცული. გარემო იყო მშვიდობიანი, მე ვერ აღმოვაჩინე დაშინების ან ძალადობის ვერც ერთი ნიშანი,“ - განაცხადა კლემენს კოფლერმა.

https://www.facebook.com/OeParl/posts/pfbid0uV2aQyeC8VjNfwfKyLvfdB33KPaBTwtbou2mmAL6HEyf2mtzNyg4CmHddbEtA3Akl