აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა, დაიწყება „ევრონესტში“ წევრობის შეწყვეტის პროცედურაც.
ეზოლუციის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი, უცხო ქვეყნების პარლამენტებთან და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნით და ხელს უწყობს ღია, გულწრფელ და კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც დაფუძნებულია საპარლამენტო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტის დესტრუქციული პოზიცია, რომელიც უარყოფს აღნიშნულ პრინციპებს, ამ ინსტიტუტთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარების მთავარ დაბრკოლებად იქცა.
„ევროპარლამენტის საქმიანობის არსი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპებისა და სამართლიანობის კონცეფციის კატეგორიული უარყოფაა. ეს ინსტიტუტი განუწყვეტლივ უგულებელყოფს სომხეთის მიერ ჩვენი მიწების 30-წლიან ოკუპაციას, ჩვენი ასობით ქალაქისა და სოფლის, ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლის განადგურებას, ეთნიკურ წმენდას და ერთ მილიონზე მეტი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის ადამიანის უფლებებს. ევროპარლამენტთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი პლატფორმები – ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი და „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა – ზეწოლის, შანტაჟისა და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის ინსტრუმენტად იქცა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე ცნობილი ხდება, რომ დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩი მარიანა კუიუნჯიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარერს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მკაცრად დაგმეს ევროპარლამენტის მიერ 30 აპრილს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაში შემავალი უსაფუძვლო და მიკერძოებული დებულებები და ამასთან დაკავშირებით მეორე მხარეს პროტესტის ნოტა გადაეცა.




