ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილება მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა.

 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე, უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე - სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას. პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. შენობის პირველ სართულზე განთავსდება ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 საწოლზეა გათვლილი.


ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყების პრიორიტეტი რეგიონებში, მაღალი ხარიხის, უწყვეტი სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფაა, ამ მიზნით კი, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს.  
მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს შეხვდა და კლინიკის  ახალი დირექტორი ოფიციალურად წარადგინა. კახა აღამანაშვილი, ამ დრომდე,  კლინიკის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიმართულებების გაძლიერებაზე - იზრდება მომსახურებების მოცულობა, ფართოვდება სპეციალისტების გუნდი. 
ექიმებთან შეხვედრაზე მინისტრმა მათ ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვან როლს როგორც რეგიონის, ისე - ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში. 

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი.