ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმში №26 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
300 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობას რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების დაცვით ჩაუტარდა.
ბაღში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, საინჟინრო კომუნიკაციებისა და სველი წერტილების მოწყობა.
განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ბათუმში მცხოვრები 300-ზე მეტი აღსაზრდელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, თანამედროვე და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.