„დღეს თბილისის საკრებულო დაამტკიცებს დადგენილების პროექტს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას“ - „ისწავლე და დასაქმდის“ განხორციელების წესს ეხება. ეს ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება იქნება“, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, გააკეთა.
მისი თქმით, თანამედროვე შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება და სულ უფრო მეტად ითხოვს პრაქტიკულ ცოდნასა და კონკრეტულ პროფესიულ უნარებს და ამ პირობებში პროფესიული განათლება ხდება ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მოქალაქეთა დასაქმების, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, სწორედ ამიტომ თბილისის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობას და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას განსაკუთრებული ადგილი უკავია.
„პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და შედეგზე ორიენტირებული მუნიციპალური ინიციატივა. თუმცა, პროგრამის მასშტაბის ზრდამ, მონაწილეთა რაოდენობის მნიშვნელოვანმა მატებამ და კერძო საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებამ გამოავლინა საჭიროება, რომ პროგრამას ჰქონდეს დამოუკიდებელი, პროფესიული განათლების სპეციფიკაზე მორგებული სამართლებრივი რეგულაცია. წარმოდგენილი დადგენილების პროექტი სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარეობს. იგი ქმნის მკაფიო, გამჭვირვალე და ეფექტიან სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის მართვის, დაფინანსების, შეფასებისა და მონიტორინგის პროცედურების გაუმჯობესებას, მონაწილე მხარეთა პასუხისმგებლობების მკაფიო განსაზღვრას და მუნიციპალური რესურსების რაციონალურ გამოყენებას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
როგორც საკრებულოს უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე ბენეფიციართა წრის გაფართოებაა. მისივე თქმით, პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ახალგაზრდებს უკვე 16 წლის ასაკიდან ექნებათ.
„ეს ცვლილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწორედ ამ ასაკში დგას პროფესიული არჩევანის წინაშე. მათთვის პრაქტიკული განათლების ხელმისაწვდომობა ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვნად ზრდის როგორც დასაქმების, ისე თვითრეალიზაციის შანსს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა იხსნება კერძო სექტორისთვისაც. მისი განმარტებით, წარმოდგენილი პროექტით, შპს-ებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პროგრამის განხორციელებაში.
„ეს ნიშნავს კონკურენტული გარემოს შექმნას, სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნების ზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას. კერძო სექტორის რესურსისა და გამოცდილების გამოყენება საშუალებას მოგვცემს შევთავაზოთ ბენეფიციარებს თანამედროვე, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული კურსები და უფრო მოქნილი საგანმანათლებლო მოდელები. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააძლიერებს პროფესიული განათლების სისტემას ჩვენს ქალაქში, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ ინტეგრაციას შრომის ბაზარზე“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.




