თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, ოპოზიციონერ კოლეგებს უპასუხა და აღნიშნა, რომ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აკრძალულია დამატებითი გადასახადის შემოტანა.

"მინდა ავუხსნა იმ ადამიანებს, რომლებიც გადასახადების სტრუქტურაში ვერ ერკვევიან, რომ ჩვენ არავის ვბეგრავთ მეტით. ზოგადად, კონსტიტუციის მიხედვით, აკრძალულია დამატებითი გადასახადის შემოტანა. ყველა დასავლურ ქვეყანაში გადასახადის გადამხდელად ყოფნა საამაყოა. ბუნებრივია, რაც უფრო მეტია ასეთი ადამიანი, საწარმო თუ კომპანია, ეს ქვეყნისთვის და მათ შორის მუნიციპალიტეტისთვის დიდი შენაძენია. ჩვენი ბიუჯეტიც გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობაც გაიზარდა და დედაქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება. ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს, ამ თანხის დაახლოებით 27% სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება. ასევე დაგეგმილია უამრავი სხვადასხვა პროექტი“,  -  განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში იმ კულტურულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც თბილისის მერიის დაფინანსებით განხორციელდა. მან აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებებს უამრავი ადამიანი ესწრებოდა განურჩევლად  პოლიტიკური შეხედულებებისა.

„ჩემი გამოსვლის ბოლოს კი მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციური ტელევიზიები სიუჟეტებში წარმოუდგენელ სცენარებს დგამენ, ყველაფერი ორკესტრირებულია, როგორც სტუმარი, ისე ჟურნალისტი. თუმცა, ალბათ, გული სწყდებათ, როდესაც გაივლიან გლდანის ტბასთან, წერეთლის გამზირზე, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, შემდეგ კი საშობაო სოფელში შეიხედავენ. მათ ნამდვილად არ ახარებთ სიკეთით სავსე ქალაქი. მთელ თბილისს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს“,  -  დასძინა ბექა ოდიშარიამ.