გუშინ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფორმატში გამართული შეხვედრისას, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა გააკეთა საგანგაშო განცხადება, თითქოს ჩორჩანა წარმოადგენს ე.წ. სამხრეთის ოსეთის ტერიტორიას, რითაც პირდაპირ დაადასტურა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების არსებობა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაზე, რომლის ოკუპირებასაც მცოცავი მეთოდით გეგმავდნენ 2019 წელს, რასაც გიორგი გახარიამ საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით შეუშალა ხელი და მცოცავი ოკუპაცია მშვიდობიანი მეთოდებით შეაჩერა. - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანიმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის - კოჩიევის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შეცდომის აღიარების ლოგიკური გაგრძელება - მისი მოხსნა იქნება, რის არგუმენტადაც მოჰყავს „ოცნების“ რეჟიმისა და მისი პროკურატურის მიერ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და მისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების ფაქტი.

ფაქტია, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.

ჩორჩანაში ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნით, „ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ანგრევს საერთაშორისო სამართლებრივ ფუნდამენტს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაზიანება არცერთ შემთხვევაში არ დარჩება პასუხგაუცემელი და ყველა პირი, ვინც ამ დანაშაულებრივ პროცესში არის ჩართული აგებს ისტორიულ და სამართლებრივ პასუხს ამ ქვეყნის წინაშე." - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

შეგახსენებთ, პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

2025 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩორჩანის საქმეზე გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა