ამ დრომდე სასტუმრო „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციას ჩვენთვის არ გადმოუცია გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ოფიციალურად მოვითხოვეთ და რისი მიღების უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე. - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. 

„შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციასთან დღეს შემდგარი კომუნიკაციისას, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ზეპირსიტყვიერად მიგვითითა 10 სამუშაო დღიან ვადაზე, რაც პირდაპირ აჩენს საფუძვლიან ეჭვს პროცესის გაჭიანურებასა და თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების მთლიანობისა და უწყვეტობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.

მოვითხოვთ, აღნიშნული კადრების სასწრაფოდ გადმოცემას, რასაც არ სჭირდება რაიმე დამატებითი გონივრული დრო ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად.

„შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციის თანამშრომლების მოქმედებებით თუ უმოქმედობით თავიდან ვერ იქნა აცილებული სასტუმროში მომხდარი ორგანიზებული თავდასხმა და არ იქნა დაცული შემთხვევის ადგილი, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ადმინისტრაცია შესაძლოა იმყოფებოდეს ზეწოლის ქვეშ. ამაზე პირდაპირ მიუთითებს ვიდეოფაილების გადმოცემის გაჭიანურება, რაც უკვე დამუშავებული სახით, ჩვენი ინფორმაციით მზად აქვთ.

პარალელურ რეჟიმში ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ „შერატონის“ სათაო ოფისთან, რომელსაც უკვე მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სასტუმროში მომხდარ ორგანიზებულ თავდასხმასა და „შერატონ ბათუმის“ ადმინისტრაციის მოქმედებებთან დაკავშირებით.

ამ დრომდე იმალებიან და საჯაროობას გაურბიან თავდასხმაში მონაწილე პირები. ივანიშვილის მიერ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა არ დარჩება დაუსჯელი! ამ დანაშაულის ორგანიზატორებსა და თანამონაწილეებს გარდაუვლად მოუწევთ პასუხისგება!

და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მხარდაჭერა სინდისის პატიმრებს, რომლებიც ივანიშვილის ტყვეობაში იმყოფებიან! ჩვენი ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე!" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

შეგახსენებთ, პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერის თავდასხმის ფაქტზე როგორ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რას ძალადობას გულისხმობს. 

გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.