24 და 25 ივლისის სისტემური ავარიების შემდეგ მეც და, ალბათ, ჩემს კოლეგებსაც ხშირად გვისვამენ ერთსა და იმავე კითხვას — რა იყო ამ ავარიების მიზეზი — და, ფაქტობრივად, დაუყოვნებლივ ზუსტ „დიაგნოზს" გვთხოვენ. პროფესიული პასუხისმგებლობა მავალდებულებს, გულახდილად ვთქვა: ამ კითხვაზე ასე სწრაფად პასუხის გაცემა სერიოზული ვერ იქნება. ამ მასშტაბის ელექტროენერგეტიკული ავარიების მიზეზების დადგენას და კვალიფიციური დასკვნის მომზადებას უდიდესი მოცულობის მასალის შესწავლა და შესაბამისი დრო სჭირდება. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს. 

ამას საერთაშორისო გამოცდილებაც ნათლად ადასტურებს:

• აშშ/კანადა (2003 წლის 14 აგვისტო) — ერთობლივი სამთავრობო ჯგუფის შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა 3 თვეში, საბოლოო ანგარიში კი დაახლოებით 8 თვეში (2004 წლის აპრილი);
• იტალია (2003 წლის 28 სექტემბერი) — UCTE-ს (ENTSO-E-ს წინამორბედის) საბოლოო ანგარიშს დაახლოებით 7 თვე დასჭირდა;
• ევროპის სისტემის გახლეჩა (2006 წლის 4 ნოემბერი) — UCTE-მ საბოლოო ანგარიში დაახლოებით 3 თვეში გამოაქვეყნა;
• ინდოეთი (2012 წლის ივლისი, ისტორიაში უმსხვილესი ბლექაუტი) — სამთავრობო საგამოძიებო კომიტეტმა ანგარიში დაახლოებით 2–3 კვირაში წარადგინა, თუმცა ეს გამონაკლისად ითვლება და სიღრმისეული ანალიზი მოგვიანებითაც გრძელდებოდა;
• თურქეთი (2015 წლის 31 მარტი) — ENTSO-E-ს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში გამოქვეყნდა 5–6 თვეში;
• სამხრეთ ავსტრალია (2016 წლის 28 სექტემბერი) — ოპერატორ AEMO-ს წინასწარი ანგარიში 1 კვირაში გამოვიდა, საბოლოო კი დაახლოებით 6 თვეში; სამაგიეროდ, მარეგულირებლის სამართლებრივი საქმეები ელექტროსადგურების წინააღმდეგ 4 წელზე მეტხანს გაგრძელდა;
• დიდი ბრიტანეთი (2019 წლის 9 აგვისტო) — ტექნიკური ანგარიშებიც და მარეგულირებელთან ჯარიმებზე შეთანხმებაც დაახლოებით 5 თვეში დასრულდა;
• კონტინენტური ევროპის გახლეჩა (2021 წლის 8 იანვარი) — ICS მეთოდოლოგიით შექმნილი ექსპერტთა პანელის შუალედური ანგარიში დაახლოებით 7 კვირაში, საბოლოო კი 6 თვეში გამოქვეყნდა;
• იბერიის ნახევარკუნძული (2025 წლის 28 აპრილი) — ესპანეთის მთავრობის ანგარიში დაახლოებით 7 კვირაში მომზადდა, ENTSO-E-ს პანელის ფაქტობრივი ანგარიში — დაახლოებით 5 თვეში, ხოლო საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება 2026 წლის დასაწყისისთვის იყო დაანონსებული.

ასე რომ, ზუსტი დიაგნოსტიკა შრომატევადი პროცესია — და ეს საერთაშორისო ნორმაა და არა გამონაკლისი. ამავე პრაქტიკიდან ჩანს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სწორი მოდელიც: რამდენიმე კვირაში ქვეყნდება შუალედური ანგარიში დადგენილი ფაქტებით, მოვლენათა ქრონოლოგიითა და შემდგომი გამოძიების გეგმით, ხოლო საბოლოო დასკვნებს სრულფასოვანი დრო ეთმობა. ასეთი მიდგომა ინარჩუნებს საზოგადოების ნდობას და ამცირებს სპეკულაციების სივრცეს.

ასეთი მასშტაბური ელექტროენერგეტიკული ავარიების შემდეგ ევროპასა და მთელ მსოფლიოში, როგორც წესი, ორი პარალელური პროცესი იწყება: ტექნიკური გამოძიება, რომლის მიზანია მიზეზების ზუსტი დადგენა და მომავალი ავარიების პრევენცია, და სამართლებრივი და მარეგულირებელი პროცედურები, რომელთა ფარგლებშიც ფასდება კონკრეტული კომპანიებისა თუ პირების პასუხისმგებლობა. ეს ორი პროცესი განსხვავებული ლოგიკით მიმდინარეობს და ერთმანეთისგან მკაფიოდ არის გამიჯნული — სწორედ ეს გამიჯვნა უზრუნველყოფს, რომ ტექნიკურმა გამოძიებამ ყველა მხარისგან სრული და გულახდილი ინფორმაცია მიიღოს.

პირველი ნაბიჯი ოპერაციული მონაცემების ფართომასშტაბიანი შეგროვებაა გადამცემი სისტემის ოპერატორისგან, გამანაწილებელი კომპანიებისა და ელექტროსადგურებისგან: SCADA/EMS ჩანაწერები, ავარიული რეგისტრატორებისა და სარელეო დაცვის მოქმედების ოქმები, მოვლენათა თანმიმდევრობის ზუსტი ქრონოლოგია, სიხშირისა და ძაბვის დინამიკის ჩანაწერები. ამ ათასობით ჩანაწერის დროში სინქრონიზაცია და ერთიან სურათად აწყობა თავისთავად უდიდესი სამუშაოა.

გამოძიების მიუკერძოებლობის გასაძლიერებლად საერთაშორისო პრაქტიკა ცალსახაა: სასურველია, ავარიის შემსწავლელ ეროვნულ კომისიას უცხო ქვეყნებიდან მოწვეულ ექსპერტთა პანელი ხელმძღვანელობდეს. ეს იმავე ლოგიკას ეფუძნება, რომლითაც ENTSO-E-ს ერთობლივ პანელებს, როგორც წესი, ავარიით დაუზარალებელი ქვეყნების ექსპერტები თავმჯდომარეობენ: გამოძიების სანდოობა მკვეთრად იზრდება, როდესაც შეფასებაში ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი, გარე მხარე მონაწილეობს.

დარწმუნებული ვარ: თუ ჩვენთანაც ასეთი ფორმატის კომისია შეისწავლის ივლისის ავარიებს, მივიღებთ არა მხოლოდ მაღალი სანდოობის დასკვნას, არამედ პასუხებს ფუნდამენტურ კითხვებზე — რამდენად სისტემური იყო გამომწვევი ფაქტორები; იყო თუ არა დაცული საიმედოობის საერთაშორისო კრიტერიუმები, მათ შორის N-1 პრინციპი, დაგეგმვასა და ოპერირებაში; როგორ იმუშავა  სარელეო დაცვამ, საავარიო ავტომატიკამ და დისპეტჩერულმა მართვამ; რამდენად ეფექტიანი იყო სისტემის აღდგენის პროცესი. და რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია — რა უნდა გავაკეთოთ უკვე ხვალ, რომ სისტემის უსაფრთხოება საერთაშორისო დონემდე ავიყვანოთ.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ საკითხი ბევრად სცდება კონკრეტული ავარიების ანალიზს. ქვეყანას დეკლარირებული აქვს ამბიციური მიზნები: რეგიონული ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქცია, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებისა და მონაცემთა ცენტრების მოზიდვის მიმართულებით გარღვევა — რაზეც ადრეც არაერთხელ მისაუბრია მეც და სხვებსაც. ყველა ეს მიმართულება ერთ ფუნდამენტს ეყრდნობა: უმაღლესი საიმედოობის ენერგოსისტემას. მონაცემთა ცენტრები და საერთაშორისო ინვესტორები ელექტრომომარაგების უწყვეტობის უმკაცრეს სტანდარტებს ითხოვენ — მათთვის სისტემური ავარია დაუშვებელი გამონაკლისია. თუ ამ გაკვეთილს სათანადოდ არ ვისწავლით, ვერც ელექტროენერგეტიკულ ჰაბად გამოვდგებით, ვერც წყალქვეშა კაბელისთვის ვიქნებით მზად და ვერც ციფრული ეკონომიკის რეგიონული ცენტრის ამბიციას განვახორციელებთ.

ყველა ასეთი „ჩავარდნა" მომავლის, განვითარების საუკეთესო დაგეგმვისთვის უნდა გამოვიყენოთ — და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. ამიტომ ვთვლი, რომ სახელმწიფომ ენერგეტიკის განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების სპეციალური  მასტერპლანი, უნდა შეიმუშაოს, რომელიც, ჩემი ხედვით, სულ მცირე შემდეგ მიმართულებებს უნდა მოიცავდეს, პირველ რიგში ნამდვილად, პროფესიონალური ენერგეტიკის სამინისტროს თავიდან შექმნას  და შემდეგ:


1. ქსელის მონიტორინგისა და მართვის მოდერნიზაცია — თანამედროვე SCADA/EMS სისტემები, ფართო არეალის მონიტორინგი (WAMS/PMU), დისპეტჩერული ცენტრების ტექნოლოგიური გაძლიერება;
2. საიმედოობის სტანდარტების განმტკიცება — N-1 კრიტერიუმის მკაცრი დაცვა დაგეგმვასა და ოპერირებაში, ქსელის კრიტიკული კვანძებისა და დერეფნების გაძლიერება;
3. სარეზერვო სიმძლავრეები და ბალანსირება — პირველადი და მეორეული რეზერვების საკმარისობა, სისტემის ინერციისა და სიხშირის მართვის თანამედროვე მექანიზმები;შემნახველი ბატარეების განვითარების ხელშეწყობა, მანევრული წყალსაცავიანი ჰესების  პროექტების დაწყება.
4. განახლებადი გენერაციის ინტეგრაცია — ძაბვისა და რეაქტიული სიმძლავრის მართვა, სისტემის მოქნილობის ზრდა ჰიდრო, ქარისა და მზის გენერაციის მზარდი წილის პირობებში;
5. საავარიო მზადყოფნა და აღდგენა — საავარიო ავტომატიკის განახლება, სისტემის ნულიდან აღდგენის (black start) გეგმების რეგულარული ტესტირება, პერსონალის სისტემატური წვრთნები;
6. კიბერუსაფრთხოება — ენერგოინფრასტრუქტურის, როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის, დაცვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
7. ადამიანური კაპიტალი — დისპეტჩერების, რელეური დაცვისა და სისტემური დაგეგმვის სპეციალისტების მომზადება და შენარჩუნება საერთაშორისო სტანდარტებით, პროფესიონალების გაფრთხილება;
8. რეგიონული ინტეგრაცია — ENTSO-E-ს ოპერაციულ სტანდარტებთან ეტაპობრივი დაახლოება, რაც წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკური წინაპირობაცაა.

მრავალჯერ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ: ენერგეტიკა ამ ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის ინფრასტრუქტურული საფუძველია. შესაბამისად, მიდგომაც ისეთივე სისტემური, გრძელვადიანი და პრიორიტეტული უნდა იყოს, როგორიც სხვა უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გვაქვს. ივლისის ავარიები მძიმე გამოცდილებაა, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ის ენერგოსისტემის ხარისხობრივი განახლების ამოსავალ წერტილად ვაქციოთ. - წერს დავით მირცხულავა "ფეისბუკში".