გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, დაგლას უებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროგრამები, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ერთობლივი ინიციატივები განიხილეს.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენდა. მხარეებმა იმსჯელეს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსების შესაძლებლობებზე, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას მოხმარდება.
„წელს საქართველოში ორი ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება, რაც შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას მოითხოვს. ახალი დაცული ტერიტორიების განვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უკვე მზად არის და მალე მთავრობას წარვუდგენთ კომპლექსურ წინადადებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს სოფლის მდგრადი განვითარების მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწათსარგებლობის პროგრამებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციური ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო სისტემების ინტეგრირების შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე განიხილეს ტყის ხანძრების მართვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ინიციატივები, რომლებიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს უკავშირდება.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნარჩენების მართვის საკითხებზე, მათ შორის პლასტმასის, ელექტრონული და ტურიზმთან დაკავშირებული ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაზე. მინისტრის განცხადებით, პლასტმასის გამოყენების შემცირება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
დაგლას უებმა ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ შეთანხმებული მუშაობა მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, ეფექტიანად მოახდინონ რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერა.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმებული და მკაფიო ხედვა, რაც ქმნის საფუძველს, ვიმუშაოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფონდების, რესურსების მობილიზაცია და თქვენი პრიორიტეტების მხარდაჭერა“, - განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილე ზურაბ ეზუგბაია და UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე ესწრებოდნენ.




