ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში №83 საჯარო სკოლის ახალ შენობას აშენებს, რომელიც 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და სრულად უპასუხებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრ სოზარ სუბართან და საკრებულოს წევრთან ზაქარია წიკლაურთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება უსაფრთხო, ფუნქციური და კომფორტული სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა აკადემიურ განვითარებასა და ფიზიკურ აქტივობას. პროექტის მიხედვით, სკოლაში მოეწყობა სრულად აღჭურვილი საკლასო სივრცეები, შიდა დახურული სპორტული დარბაზი და კეთილმოწყობილი ეზო.
შენობა უზრუნველყოფილი იქნება ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციით — გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემებით, რაც სასწავლო პროცესის უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
№83 საჯარო სკოლის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) გადმოეცა და სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ. პროექტის ღირებულება 14.4 მილიონ ლარს აღემატება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მომავალ თაობებს ხარისხიანი განათლების მიღების, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული და ჯანსაღი სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს.- ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.




