„დღეს მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების და ცვლილებების კუთხით. ამ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ დაიკარგოს საქართველოს ინტერესები და საქართველომ შეასრულოს ის როლი, რაც შეიძლება შეასრულოს ჩვენმა ქვეყანამ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, აღნიშნული პლატფორმა საქართველოსთვის პირველ რიგში წარმოადგენს შესაძლებლობას, ფართო საერთაშორისო აუდიტორიას მიეწოდოს ინფორმაცია ქვეყნის პოტენციალისა და განვითარების ხედვის შესახებ.

„ეს პლატფორმა ჩვენთვის, პირველ რიგში გამოსაყენებელია იმისთვის, რომ ფართო წრეებს ვესაუბროთ საქართველოს შესახებ, ჩვენი ქვეყნის პოტენციალზე და იმ ხედვაზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო სხვადასხვა ტიპის დისკუსიებში სხვადასხვა საკითხებზე, რაც მიზნად ისახავდა, რომ საქართველო მაქსიმალურად საუკეთესოდ ყოფილიყო წარმოდგენილი,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ შეხვედრებზე და საქართველოს მიმართ არსებულ მაღალ ინტერესზე.

„ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ეს ინტერესი განპირობებულია როგორც ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობით, ასევე იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს და რამაც ჩვენი ქვეყანა  ჩამოაყალიბა ინვესტიციებისა და ბიზნესის კეთებისთვის მიმზიდველ ქვეყნად.“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის მნიშვნელობაზე.

„ყურის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების კუთხით, ასევე ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც რეგიონს დაფარავს. მნიშვნელოვანი იქნება თუკი უახლოეს მომავალში შევძლებთ, ამ მიმართულებით სამუშაოების განხორციელებას და პროგრესის მიღწევას და საქართველოს ნამდვილად ექნება უნიკალური შესაძლებლობები, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც დღეს აქვს ქვეყანას, კიდევ უფრო გაფართოვდეს და უფრო დიდი არეალი დაფაროს, რაც უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანას. აღნიშნული არეალის შემდგომი გაფართოება, მათ შორის ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.