საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქ. ბაქოში, კონფერენციაში „თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობა, როგორც მდგრადი განვითარების საფუძველი და სასურსათო უსაფრთხოების გარანტია“ მიიღო მონაწილეობა. დავით სონღულაშვილთან ერთად, კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი მაჯნუნ მამედოვი, უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი იბროჰიმ აბდურახმანოვი და თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი იბრაჰიმ იუმაკლი.

დავით სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კლიმატური რისკების მართვის, რეგიონული თანამშრომლობისა და აგროსექტორში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე, რომლებიც მიმართულია სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და ქვეყნის გრძელვადიანი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.

„დღეს სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ეს არის კლიმატის ცვლილება, რომელიც პირდაპირ აისახება როგორც წარმოებაზე, ისე სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. შესაბამისად, ჩვენი მიდგომა უნდა იყოს სისტემური და გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებული.

ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, ეფექტიანი და კლიმატგამძლე აგროსექტორი, რომელიც ერთდროულად გააძლიერებს ფერმერთა მდგრადობას, შეამცირებს კლიმატური რისკების გავლენას და გაზრდის სოფლის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

ამასთან, მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა, რადგან კლიმატის ცვლილებასა და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებს ქვეყნები ცალ-ცალკე ვერ გაუმკლავდებიან. ამიტომ აუცილებელია კავკასიის, შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერება.

საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონულ სავაჭრო და ლოგისტიკურ პროცესებში. „შუა დერეფანი“ ქმნის შესაძლებლობას აგროპროდუქციის ეფექტიანი გადაადგილებისთვის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს რეგიონულ თანამშრომლობას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის კლიმატგონივრული აგროპოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ირიგაციის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მიწის მართვის გაუმჯობესებაში, პარალელურად კი მიმდინარეობს წყლის რესურსების მართვის სისტემური რეფორმა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მონიტორინგის მექანიზმებს ეფუძნება.

ჩვენი პოლიტიკის მიზანია შევქმნათ თანამედროვე და ეფექტიანი აგროსექტორი, რომელიც ერთდროულად დაიცავს ბუნებრივ რესურსებს, გაზრდის პროდუქტიულობას და გააძლიერებს სოფლის მოსახლეობის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ამ გზით ვცდილობთ შევამციროთ კლიმატური რისკების გავლენა და უზრუნველვყოთ ქვეყნის გრძელვადიანი სასურსათო უსაფრთხოება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კონფერენცია ,,თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო თანამშრომლობა, როგორც მდგრადი განვითარების საფუძველი და სასურსათო უსაფრთხოების გარანტია“ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო აგროგამოფენის „CASPIAN AGRO 2026” ფარგლებში გაიმართა.