გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ელჩების კონფერენცია 2025-ის ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაში „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში“ მიიღო მონაწილეობა.
დავით სონღულაშვილმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრის განცხადებით, ახალი მიდგომები ქმნის საფუძველს, მეტი დაინტერესება გაჩნდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტიციების მოზიდვის, ერთობლივი წარმოების და სავაჭრო ურთიერთობების გაზრდის კუთხით.
დავით სონღულაშვილმა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის არსებული მონაცემების პარალელურად, შესაძლებლობების შესახებაც ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ქართულ ღვინოზე, რომელიც მთავარი საექსპორტო პროდუქტია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებები მასშტაბურია, თუმცა, მისასალმებელია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მხარდაჭერა და მეტი ახალი პლატფორმის მოძიება, სადაც ქართული ღვინო, აგრარული პროდუქცია და გასტრონომიული მიმართულებები იქნება წარმოჩენილი.
მინისტრმა სესიაზე დაცული ტერიტორიების გაფართოების, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნების და სახეობათა აღდგენის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო ხედვაზეც ისაუბრა.
დავით სონღულაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტიკის გამოყენების ეტაპობრივად აკრძალვას. აღნიშნული ინიციატივის აღსრულება უკვე დაწყებულია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პლასტიკით გარემოს დაბინძურებით გამოწვეული მდგომარეობა და სურათი საკმაოდ რთულია. ერთჯერადი პლასტიკი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ჯანმრთელობაზე, ისე გარემოზე, რაც საბოლოოდ ისევ ადამიანისთვისაა საზიანო. პლასტიკის აკრძალვის მიმართულებით უმოკლეს დროში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
მინისტრმა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან მსგავს ფორმატში შეხვედრის და მოსაზრებების გაზიარების მნიშვნელობა შეაფასა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პლატფორმა ქმნის კარგ შესაძლებლობებს დიპლომატიური კავშირების გამოყენებით საერთაშორისო თანამშრომლობების გაფართოებისთვის.




