საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.
დეპუტატი წერს, რომ გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას და ამიტომ უნდა გადაიხედოს.
"გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს. ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს. თანაც რეგულაცია არ ეხება დიდი ზომის სატვირტო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტს, რომელსაც უფრო მაღალი ცვეთის რეჟიმი აქვს და უფრო მეტად შეუძლია გარემოს დაბინძურება. რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს რეგიონებში შექმნის, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასეთი ვითარება განსაკუთრებით დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ იმპორტიორებზე, რომელთა საქმიანობა, გარდა შემოსავლისა, ბევრი ოჯახისთვის ქმნის სამუშაო ადგილებს. სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი, "ხალხის ძალა", მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში." - წერს დიმიტრი ხუნდაძე.




