საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, “საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ და მის თანამდევი საქართველოს ორგანული კანონის პროექტში„ საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის“ განხილვისას რამდენიმე ბუნდოვანი საკითხის დაზუსტება ითხოვა.
დეპუტატის თქმით, საარჩევნო კოდექსში ბუნდოვანია რამდენიმე საკითხი - არჩევნებში მონაწილეთათვის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა, ასევე კენჭისყრის შედეგების გადათვლის გაუქმების არაელექტრონულ უბნებზე და ანგარიშის წარდგენის ვადები.
„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს და ამიტომ, რამდენიმე კითხვას დავსვამ. პირველი კითხვა კენჭისყრის გადათვლის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებითაა - ეს ხომ არ იმოქმედებს არჩევნების სანდოობაზე იქ, სადაც ელექტრონული დათვლის შესაძლებლობა არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ორი სახის საარჩევნო უბნები გვაქვს: ელექტრონული და არაელექტრონული.
მართალია, იქ, სადაც ელექტრონული დათვლის სისტემა არ არის, ორი დღის ვადაშია შესაძლებელი დათვლილი ხმების გაციფრულება, მაგრამ ეს გაციფრულებაა და არა ის, რომ თავიდანვე ელექტრონული თვლის შესაძლებლობაა საარჩევნო უბანზე - ამასთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტების მოსმენა მინდა.
მეორე კითხვა ეხება უფასო სარეკლამო დროის გამოყოფას: აქ არის ჩანაწერი, რომ უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება არჩევნების დროს მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე ვრცელდება, მაგრამ არის მუნიციპალიტეტები, სადაც არ არის ადგილობრივი მაუწყებელი, მაგალითად, მცხეთა-მთიანეთში, და არის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. მესმის, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანაბარ პირობებში არიან, ანუ ერთს თუ არ აქვს შესაძლებლობა, არ აქვს სხვასაც, მაგრამ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მოსმენა ეს უფრო შესაძლებლობაა ამომრჩევლისთვის, რათა მას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კანდიდატზე, იმ შეთავაზებებსა და საარჩევნო პროგრამაზე, რასაც არჩევნებში მონაწილე სუბიექტი წარადგენს. ამ კუთხით როგორ დარეგულირდება ეს საკითხი?
და აქვე შეიძლება ვთქვათ, რომ თუკი ადგილობრივი მაუწყებელი არ არის კონკრეტულ რეგიონში, შესაძლებელია თუ არა ეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარეგულიროს?
და კიდევ ერთი - ეს მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მაინც მინდა დავაზუსტო. ეს ეხება ანგარიშების წარდგენის 12 დღიდან 5 დღემდე ვადის შემცირებას. აქ მინდა დავაზუსტო და შეიძლება ჩანაწერიც გაკეთდეს, ანუ 5 კალენდარული დღეა თუ 5 სამუშაო დღე?“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძის კითხვების საპასუხოდ, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი მაუწყებლების არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება კომუნიკაციების კომისიასთან და ცესკოსთან, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას დაუბრუნდებიან.
მისივე განმარტებით, ბიულეტენების გაციფრულების შემდეგ შემთხვევითი პრინციპით გადათვლის საჭიროება აღარ იარსებებს, რადგან ყველა ბიულეტენი საჯარო იქნება და დაინტერესებულ მხარეებს მათი გადამოწმების შესაძლებლობა ექნებათ. მათიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ანგარიშების წარდგენისთვის განსაზღვრული 5 დღე კალენდარულ დღეებს გულისხმობს.