დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართვა საზოგადოებას
"ჩვენო მეგობრებო, ნათესავებო და სრულიად საქართველოვ.
გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს და გისურვებთ სიყვარულით, სიმშვიდითა და ჯანმრთელობით სავსე ოჯახებს.
ოჯახი არის ძალა, იმედი და საყრდენი. ძლიერი ოჯახები ქმნიან ძლიერ ქვეყანას, ხოლო ბავშვები ჩვენი მომავლის ყველაზე ძვირფასი ნაწილია.
სამწუხაროდ, ჩვენს შვილებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვთ — მძიმე და პროგრესირებადი დაავადება, რომელიც მათ ყოველდღიურად ართმევს ძალას, მოძრაობას და ბავშვობას.
ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ ბრძოლას, რომელსაც ისინი სიცოცხლისთვის ეწევიან.
როგორც მშობლები, ვალდებული ვართ ყველაფერი გავაკეთოთ მათი სიცოცხლისა და მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში მარტო ვერ შევძლებთ.
დღეს განსაკუთრებით გვჭირდება საზოგადოების, სახელმწიფოსა და ეკლესიის თანადგომა.
ჩვენ ვუერთდებით ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას და ვითხოვთ ჩვენი შვილების დალოცვას და მხარდაჭერას.
მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც ბავშვის სიცოცხლე და მომავალი ძვირფასია ასევე შემოგვიერთდით დღეს, 18:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილ მარშზე, რათა ერთად გავაგონოთ საზოგადოებას ჩვენი შვილების ხმა.
ერთიანობა გვაძლევს იმედს, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩება მარტო თავისი სიცოცხლისთვის ბრძოლაში.
ღმერთი ფარავდეს თქვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს და სრულიად საქართველოს." - ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს
ფოტო აღებულია სოციალური ქსელის გვერდიდან Lets fight against DMD - ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას




