ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, უკვე შერჩეულია შესაბამისი ტერიტორიები თავშესაფრების ასაშენებლად. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის წარმომადგენლები.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა სამივე რეგიონში, სადაც განიხილეს ინფრასტრუქტული საჭიროებები და პროექტის განხორციელების ეტაპები.
ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ექსპერტის ლაშა გეგეჭკორის განცხადებით, ქვეყანაში არსებული თავშესაფრების ქსელის გაფართოება და დამატებით სამ რეგიონში ახალი ობიექტების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროგრამის ჰუმანური მეთოდებით, კასტრაცია/სტერილიზაციის გზით, ეფექტიანად განხორციელებას.




