ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა. 2026 წლის მარტის მონაცემებით, საბანკო სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. მიმდინარე წლის მარტში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 14.9% შეადგინა, რაც მეტწილად ბიზნეს სესხების ზრდით იყო გამოწვეული.
2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება, რის შედეგადაც ფარდობის გაპი კვლავ უარყოფითია.
2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულმა ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპის ზრდა განაპირობა. კომიტეტის შეფასებით, მდგრადი საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის ნორმალიზების ფონზე აღნიშნული ფარდობა ეტაპობრივად დაუახლოვდება მის გრძელვადიან დონეს.
შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება. ამასთან, კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას.

საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. გასული წლის განმავლობაში გლობალური ფინანსური პირობები შედარებით სტაბილური და ხელსაყრელი იყო. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ჭრილში ისინი კვლავ შედარებით შერბილებულად ნარჩუნდება, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები. აღნიშნული გარემოებების ფონზე, ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტს და სებ-ი მის რეკალიბრაციას მომავალშიც მაკროეკონომიკური გარემოებებისა და პირობების მიხედვით გააგრძელებს. ამასთან, აღსანიშნავია რომ ფინანსური დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2026 წლის 30 სექტემბერს გაიმართება." - ნათქვამია ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.




