პროექტის “Georgian Infusion“ ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ბაზაზე შექმნილ საერთაშორისო სტანდარტების სარესტავრაციო სახელოსნოში ტექსტილის რესტავრაციისა და კონსერვაციის პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა ამოქმედდა.
ფრანგმა და ქართველმა რესტავრატორებმა, რვა დამწყებ სპეციალისტთან ერთად, პრაქტიკული და თეორიული საქმიანობა დაიწყეს. სასწავლო პროგრამა ერთი წელი გაგრძელდება.
გათვალისწინებულია საქართველოს ტექსტილური მემკვიდრეობის რესტავრაცია, კონსერვაციისა და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის ახალი მუდმივმოქმედი ეთნოგრაფიული გამოფენის დიზაინ-კონცეფციის შემუშავება.
პროექტი “Georgian Infusion” საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ხორციელდება.
რესტავრაციის სამუშაოების დასრულების შემდგომ, დაგეგმილია ახალი მუდმივმოქმედი ექსპოზიციის და მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის მომზადება, რომელიც ქართული ეროვნული კოსტიუმისა და დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნების მსოფლიო ვიზუალურ კულტურაზე გავლენას მიეძღვნება.
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, 2025 წელს, ქართველმა და ფრანგმა ექსპერტებმა თბილისის, გორისა და სტეფანწმინდის მუზეუმებიდან 270-ზე მეტი ექსპონატი გამოიკვლიეს, აღნუსხეს და შეაფასეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული და რეგიონული მუზეუმების კოლექციები XVIII-XX საუკუნეების 7000-მდე ტექსტილურ ნიმუშს აერთიანებს, რომელთა დიდ ნაწილს მანამდე კომპლექსური პროფესიული შეფასება არ გაუვლია.
პროექტი “Georgian Infusion“ წარმოადგენს კვლევით და კულტურულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ეროვნული კოსტიუმისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების შესწავლას, შენარჩუნებასა და შეფასებას ხელოვნების ისტორიის, მოდისა და ვიზუალური კულტურის მსოფლიო კონტექსტში.