"დღეს მიხეილ სარჯველაძე გამოვიდა და ამტკიცებს, რომ არცერთი მედიკამენტი არ არის აღიარებული. არადა, არაერთი წამალია აღიარებული როგორც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) მიერ, არაერთი მედიკამენტია და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სახით, ცოცხალი მაგალითები გვყავს. - ამის შესახებ ორგანიზაცია "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" თავმჯდომარე, ზაქარია გვიშიანმა დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების სხვა მშობლებთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრო დღევანდელი ბრიფინგს შემდეგ განაცხადა.
დავიწყებ და დავაზუსტებ იმას, რაც სარჯველაძემ განზრახ არ დააზუსტა. "ელევიდისი" რომელიც ამერიკამ აღიარა, ეფექტურია. ეს მედიკამენტი ჩვენმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მიიღო და მას არანაირი უკუჩვენება არ ჰქონია. გასულ წელს მშობლებმა მივიღეთ ინფორმაცია, რომ 800-დან 2 შემთხვევაში თირკმლის პათოლოგიები იყო, თუმცა ეს პრობლემა აღმოიფხვრა და შეჩერებიდან 3 თვის შემდეგ, ამ წამლის მოხმარება აღდგა. დღეს მას აშშ თავის მოქალაქეებს აწვდის. სარჯველაძემ დაიწყო მხოლოდ ფასით და არ დაასახელა მედიკამენტი ელევიდისი, რომლის მწარმოებელ კომპანიასთან მოლაპარაკება შეიძლება არა 3 მილიონის ფარგლებში, არამედ ნახევარ და მესამედ ფასად და დროში გადანაწილებით. მაშინ, როცა FDA-მ წლების შემდეგ ეს მედიკამენტი აღიარა და დღეს ჩაშვებულია, იმაზე საუბარი, რომ ამან შესაძლოა უკუჩვენებები და ფატალური შედეგები გამოიწვიოს, დაუსაბუთებელი და ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებულია.
EMA-მაც არაერთი მედიკამენტი აღიარა - მათ შორის, ვამოროლონი და ჯივინოსტატი, რომლებიც არის არასტეროიდები და უკუჩვენებები არ აქვს. აგრეთვე, საქართველოში რეგისტრირებულია ეგზონსქიფინგი, რომელიც, დაახლოებით, 8 თვის წინ დამტკიცდა. და დამტკიცების შემდეგ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ის არგუმენტები, რომ სარჯველაძე ყურადღებას თითქოს უკუჩვენებებზე ამახვილებს.
მიხეილ სარჯველაძის გამოსვლა უსუსური იყო და იმის მტკიცებაა, სახელმწიფო მშობლებს როგორ ებრძვის . სარჯველაძემ თქვა, რომ ამ მედიკამენტებით, შესაძლოა, 2-3 წლით გადავადდეს ეტლზე მიჯაჭვულობა, თუმცა, ყველას შეუძლია ნახოს, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა წამალი სიცოცხლის ხანგრძლივობას აორმაგებს. ის ფაქტი, რომ თითქოს, ეს მედიკამენტები 2-3 წლით გადაავადებს, აბსურდულია და იმაზე მიუთითებს, რომ სარჯველაძე ჩვენი ბავშვების სიცოცხლის დღეებითა და წლებით ანგარიშობს.
ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ეს წამლები ბავშვებს სრულად კურნავს, მაგრამ ისინი ამ დაავადებას ბლოკავს . სარჯველაძემ დღევანდელი გამოსვლით დააანონსა, რომ შეეგუეთ იმას, რომ მკურნალობა არ იქნება, მედიკამენტებს არ გამოგიყოფთ და თქვენ სახელმწიფოს დახმარების გარეშე დარჩებითო". - განაცხადა ზვიად გვიშიანმა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა: დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს - არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე




