ევროკომისია „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შეფასებას მოიცავს.
ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციაა შეიცავს.
„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მიმდინარეობს განხილვა გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებით სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების შესახებ. იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, უნდა იქნეს მიღებული გადაუდებელი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად,“ – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ანგარიშში დასახელებულ რეკომენდაციებს შორისაა:
– უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.
– თავიდან უნდა იქნეს აცილებული და გაუქმებული ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება, ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლების, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდეს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს; კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტიქ პირთა უფლებების სრულად დაცვა.
– საჭიროა საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა იმ ქვეყნების სიასთან, რომელთანაც ევროკავშირს სავიზო რეჟიმი აქვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც წარმოადგენენ არალეგალურ მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ევროკავშირში.
– გაძლიერდეს ქმედებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის უსაფუძვლო განაცხადებისა და უკანონოდ დარჩენის საკითხის მოსაგვარებლად. ამგვარ ქმედებებს შორის ანგარიშში დასახელებულია მიგრანტთა შესაბამისი კატეგორიებისთვის სავიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიები და საზღვარზე გამკაცრებული შემოწმებები.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.