გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის საკითხებზე დროებითი სამთავრობო კომისიის 30-ე სხდომა გაიმართა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, კომისიის თანათავმჯდომარემ თეა ახვლედიანმა გახსნეს.
სხდომის ფარგლებში კომისიის წევრებმა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და იმ ღონისძიებებზე იმსჯელეს, რომლებიც აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება. განიხილეს მოსახლეობის მხარდაჭერის მიმდინარე პროგრამები და მიიღეს გადაწყვეტილება ზამთრის სეზონზე გათბობის ხარჯების დასაფარად ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ. ასევე შეჯერდნენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2026-2027 სასწავლო წლის დაფინანსების საკითხებზე.
რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ კომისიის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათი სოციალური პირობებისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. მინისტრმა ასევე ისაუბრა კომისიის ფარგლებში ამ მიმართულებით 2025 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებსა და მოსახლეობის მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომლებიც 2026 წელსაც გრძელდება.
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება არის ერთგვარი გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.
“გამყოფ ხაზებთან მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა, რეგიონების მეტი განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად, რისთვისაც უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის ფარგლებში ვახორციელებთ ერთიან ძალისხმევას როგორც დარგობრივი სამინისტროების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული ჩართულობით. დღევანდელ სხდომაზე ჩვენ შევაჯამოთ გასული წლის საქმიანობის შედეგები, განვიხილეთ მოსახლეობის წინაშე დღესდღეობით არსებული საჭირობები და მათზე რეაგირების გზები. წელსაც, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები როგორც ზამთრის პერიოდში გათბობის, ასევე სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიმართულებებით,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.