გერმანიის გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის სამეცნიერო ბაზებზე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ, სტუდენტებს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ვაზის მდიდარ გენეტიკურ მემკვიდრეობაზე, ადგილობრივი ჯიშების მრავალფეროვნებასა და მათი დაცვისა და კვლევის მნიშვმელობაზე გაამახვილა.

ჯიღაურას ბაზაზე, სტუდენტებმა ვაზის საკოლექციო ნარგაობა, კვლევითი ლაბორატორიები, ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს. ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ, სტუდენტებს ქართული ტრადიციული მეღვინეობის, ქვევრში ღვინის დაყენებისა და დავარგების ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა ჯიღაურას ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები დააგემოვნეს.

წილკნის ბაზაზე სტუდენტებმა დაათვალიერეს ქსოვილის კულტურის (in vitro) ლაბორატორია, სადაც მცენარეთა მიკროკლონური გამრავლების თანამედროვე მეთოდებსა და ლაბორატორიის საქმიანობას გაეცნენ. ასევე მოინახულეს პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, სადაც ნიადაგის ანალიზის ძირითად მიმართულებებსა და მის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა ერთწლოვანი კულტურების სათბურებიც დაათვალიერეს.

ვიზიტი გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტების პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას ისახავდა.