გია კანკავა გულშემატკივართა იმ პლეადას განეკუთვნება, რომლებიც მესხს და მეტრეველს სტადიონიდან ქომაგობდნენ, რომლებიც თბილისის „დინამოს“ ყველა ტრიუმფს რეალურ დროში ზეიმობდნენ და რომლებსაც ბეჭებზე გაკრული „ლივერპულები“, ფეინოორდები“ და „ვესტ ჰემები“ ტრიბუნებიდან უნახავთ. მათთვის თბილისის „დინამო“ ის თავისუფალი და სუფთა ჟანგბადი იყო, რომელიც საქართველოს, ქართველებს ცივილიზებულ სამყაროსთან აკავშირებდა.

ბავშვობიდან ფეხბურთით მოწამლულმა, რა თქმა უნდა, ორივე ვაჟი ფეხბურთის წრეში შეიყვანა და უფროსობამდე, პრაქტიკულად არცერთი ვარჯიში და თამაში თავადაც არ გაუცდენია. ლევანი ძალიან ნიჭიერი იყო, ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ მძიმე ტრავმამ ხელი შეუშალა საფეხბურთო კარიერის განვითარებაში. ჯაბა კანკავამ რა სიმაღლეებსაც მიაღწია და როგორი კვალი დატოვა ქართულ ფეხბურთში ყველამ კარგად ვიცით. სწორედ კაპიტანის მამა, ჩვენი კარგი მეგობარი, გია კანკავა შეგვხვდა ჰამბურგის ქუჩებში და შთაბეჭდილებების გაზიარებაზეც  უარი არ გვითხრა.

- ჩვენი ზეიმი 18 ივნისს არ დაწყებულა. 2024 წლის 26 მარტი არის ახალი ათვლის დასაწყისი. ეს არის თარიღი, რომერლსაც მთელი საქართველო განსაკუთრებულად ველოდით. ვარ ერთი ქართველი რიგითი ქომაგი და ვერანაირად ვერ გამოვყოფ სხვებისგან საკუთარ ემოციებს.  რაც ყველა ქართველმა განიცადა, ის განვიცადე მეც...

ამ წარმატებას ყველანი ერთად ინაწილებენ და ყველას თავისი წვლილი აქვს შეტანილი, მიუხედავად იმისა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში, შეცვლაზე შევიდნენ თუ საერთოდ არ მოუწიათ მოედანზე გამოსვლა. მოხარული ვარ, რომ  ჯაბას გარეშე არ ჩაუვლია ამ მოვლენებს.

- როგორი განწყობით და მოლოდინებით შეხვდი ევროპის ჩემპიონატის სტარტს?

-  განწყობა იდეალური მაქვს,ალბათ ამაზე კარგი განწყობდა არც შეიძლებოდა მქონოდა. საქართველოს ნაკრების ორივე შეხვედრას დავესწარი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა გუნდმა თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა. მაქსიმალისტები კი ვართ და გვინდა პირდაპირ ევროპის ჩემპიონები გავხდეთ, მაგრამ მე მგონი ჩვენს ბიჭებზე ზედმეტად დიდი ტვირთის აკიდებას ვცდილობთ. ნაბიჯ ნაბიჯ უნდა განვითარდეს და აეწყოს გუნდი და მაქსიმუმ 2 წელში ძალიან ძლიერი ნაკრები გვეყოლება. შეიძლება არც დასჭირდეს ამდენი.

- რას ფიქრობ, რა დაგვაკლდა იმისთვის, რომ პირველ ორ შეხვედრაში უკეთესი შედეგები დაგვეფიქსირებინა

- ყველაზე მეტად გამოცდილება დაგვაკლდა. ბევრი უიღბლობასაც აბრალებს, თუმცა მე ასე არ ვიტყოდი, დიდად არ მჯერავს იღბლის,  არ იყო მოსაგები და იმიტომაც ვერ მოვიგეთ. აქვე ვიტყოდი, რომ მოდით, საბა ლობჟანიძეს ნუ გამოვიყვანთ სამშობლოს მოღალატედ იმ გამოუყენებელი მომენტის გამო. ყველას მოსდის ეს. ლუის სესარ მენოტიმ 1978 წელს არ წაიყვანა მარადონა მთავარ ნაკრებში და მაშინ მახსოვს, მარადონამ 21-წლამდელთა ნაკრებში ისეთი საგოლე მომენტი გააფუჭა, დაუჯერებელი...

- პორტუგალიასთან რას ვიზამთ

- მოდით ვიყოთ რეალისტები და ობიექტურები. დღეს ჩვენი ნაკრები ჯერ არ არის იმ დონეზე, რომ პორტუგალიის დონის გუნდს თანაბრად ეთამაშოს. არ ვართ ჯერ მაგისთვის მზად, ამ ბიჭებმა გასაკეთებელი უკვე გააკეთეს და ვფიქრობ, მოსალოდნელზე უფრო ცოტა მეტიც ქნეს. თუმცა, მეორეს მხრივ, ფეხბურთი იმით არის გასაოცარი, რომ არც თუ იშვიათად სასწაულებიც ხდება. ბურთი მრგვალიაო და ამიტომ, როგორც გამოუსწორებელ ოპტიმისტ გულშემატკივარს, სასწაულის იმედი მაქვს.

- ჯაბას მომავალზე რას გვეტყვი, რჩება კიდევ ერთი სეზონი „სლოვანში“?

-ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჯაბა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.