გიორგი დგებუაძემ აღნიშნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის შეხვედრის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა. ,,კომისიის სხდომას საქართველო პირველად მასპინძლობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო სამართლებრივ და პროფესიულ სივრცეში“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა დეივიდ ფიგუერა მარკესმა და ევროპულ საქმეთა კომისიის პრეზიდენტმა ვალენტინა რუბალტელიმ.
ევროპულ საქმეთა კომისიის აკადემიურ სესიაზე ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის — უძრავი ქონების რეესტრის უსაფრთხოება და სანდოობა, სამართლებრივი უსაფრთხოება და მოქალაქეთა უფლებების ეფექტიანი დაცვა, ნოტარიუსის ცენტრალური როლი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში, ნოტარიატი ციფრულ ეპოქაში, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია და პროფესიული სტანდარტების განვითარება.
უცხოელ კოლეგებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მერაბ ტურავა და თამარ ზოდელავა, სამინისტროს წარმომადგენლები, სსიპების ხელმძღვანელები, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის, საფინანსო-სარევიზიო და დისციპლინური კომისიების წევრები და ნოტარიუსები.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა თბილისში 16-17 აპრილს იმართება. კომისიის სხდომას 25 ქვეყნის ნოტარიატების 44 წარმომადგენელი ესწრება.
ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომის საქართველოში გამართვა საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანია. მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნების სამართლებრივი ჩარჩოების ჰარმონიზაციას და დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას.




