თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა და დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა ოპოზიციის განცხადებები გააკრიტიკა და მათ პოპულისტური უწოდა.
მისი თქმით, კრწანისის ტყე-პარკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები უსამართლოა იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მხარდაჭერით, „ქართუ“ ფონდი მთაწმინდის ფერდობზე მნიშვნელოვან საქველმოქმედო და ეკოლოგიურ პროექტს ახორციელებს.
„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს - ბიძინა ივანიშვილი თუ ნებისმიერი სხვა ქართველი. ასეთი პროექტები სათანადოდ უნდა შეფასდეს და არა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცეს“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა უხვი ნალექის შედეგად დედაქალაქში შექმნილ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ მსგავსი გამოწვევები მსოფლიოს არაერთ ქალაქში გვხვდება.
„თბილისი ყველას ქალაქია და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა ხელისუფლების, ოპოზიციისა და თითოეული მოქალაქის საერთო პასუხისმგებლობაა. ამ ფონზე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების პოლიტიკური სპეკულაციის საგნად ქცევა და მერისა თუ მთავრობის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერება მიუღებელია. სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავ რადიკალიზაციისა და დაპირისპირების გზას ირჩევს ნაცვლად იმისა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთობლივ მუშაობას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.