საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ბაკურიანში მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს შეხვდა.
გივი მიქანაძემ სიტყვით მიმართვისას ქვეყნის განვითარებაში მომავალი თაობის როლზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდული ბანაკების მნიშვნელობაზე.
„მჯერა, რომ ბაკურიანის უმშვენიერეს ბუნებაში გატარებული დღეები, თავისი შემეცნებითი და გასართობი დატვირთვით, დადებითად აისახება ყველა თქვენგანის განწყობაზე და სამომავლოდ ხელს შეუწყობს იმ მიზნების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია როგორც თქვენი პირადი, ისე ჩვენი სამშობლოს განვითარების, წინსვლისა და წარმატებისთვის.
აფხაზეთი საქართველოა და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მის სიახლოვეს გვაგრძნობინებს და მისი მშვიდობიანი გზით დაბრუნებისკენ იქნება მიმართული, მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.
მადლობა მინდა, გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს იმ პროგრამის განხორციელებისთვის, რომლის ფარგლებშიც ეს ბანაკი ფუნქციონირებს.
ჩვენი მიზანია, რომ მსგავსი ბანაკები ეტაპობრივად გავაფართოოთ და ახალგაზრდებს შეგიქმნათ განვითარების კიდევ უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობები,‘‘ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განათლების სფეროში არსებული საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
რვადღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, სპორტულ-შემეცნებითი აქტივობები და ტრენინგები ჩატარდა. საპატრიარქოსთან არსებულმა თეატრალური დასის წევრებმა კი შემეცნებით-საგანმანათლებლო წარმოდგენა გამართეს.
საზაფხულო ბანაკი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2022 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება. მასში ყოველწლიურად 9-დან 16 წლამდე 200-მდე მოსწავლეა ჩართული.