განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სიღნაღის  მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს ესტუმრა, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

„ვესტუმრეთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სოფელ ერისიმედს, სადაც დავათვალიერეთ  სკოლის შენობა, რომელიც საჭიროებს მყისიერ რეაგირებას.  ეს სკოლა ჩვენ ჩასმული გვაქვს პრიორიტეტებში და მიმდინარე წელს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინირებული თანამშრომლობით, დაიწყება მშენებლობა. 

შედეგად, სოფელს სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათი შვილებისთვისა და პედაგოგებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ყველა ის პირობა, რომელიც   სრულფასოვანი სასწავლო პროცესის განხორციელებისთვისაა აუცილებელი,”- განაცხადა გივი მიქანაძემ. 

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სტიქიის შედეგად დაზიანებული სკოლა, ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს და  სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში მიმდინარეობს. 

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.