საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ახლად გახსნილი კომპიუტერული ტექნოლოგიების თანამედროვე ლაბორატორია დაათვალიერა და არაფორმალური განათლების მიმართულებით მიმდინარე აქტივობებს გაეცნო.

არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ფუნქციონირებს რობოტექნიკის, STEAM-ისა და ეკო კლუბები. ასევე მოქმედებს ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი, სადაც ბავშვები კვლევით და პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან.

მინისტრი მოსწავლეებს შეხვდა, სასწავლო პროცესს გაეცნო და ახალგაზრდებთან საუბრისას ხაზი გაუსვა თანამედროვე ინოვაციური უნარების განვითარების მნიშვნელობას, ციფრული კომპეტენციების გაძლიერებასა და ტექნოლოგიური განათლების როლს მომავალი კარიერული განვითარების პროცესში.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გახსნილი თანამედროვე ლაბორატორია მოსწავლეებს ინოვაციების, შემოქმედებისა და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და შესაბამისი რესურსებით, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულ გარემოში ტექნოლოგიური უნარები განივითარონ და იმუშაონ სხვადასხვა პროექტზე.

ლაბორატორია ხელს შეუწყობს STEAM მიმართულების განვითარებას, საგაკვეთილო და არაფორმალური აქტივობების ჩატარებას, მრავალფეროვანი გამოფენებისა და ვორქშოფების მოწყობას და რეგიონის სკოლებისთვის გამოცდილების გაზიარებას. ამ მიზნებისთვის, ლაბორატორია აღიჭურვა 3D კალმებით, 3D პრინტერით, ლაზერული ხისმჭრელითა და STEM პროექტების ნაკრებით.