გლდანის რაიონის გამგეობამ მუხიანის IVბ მიკრორაიონის N41-42 კორპუსებთან დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო.
პროექტის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე განხორციელდება ექვსი უკანონო ავტოფარეხის დემონტაჟი და გამოთავისუფლებული ტერიტორია შეუერთდება მანამდე აქ არსებულ მცირე ზომის სკვერს. დაგეგმილია, ასევე, საპარკინგე სივრცეების მოწყობა.
საერთო ჯამში, დაახლოებით, 1 500 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 315 700 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, გამგებლის მოადგილე მურთაზ ხარჩილავასთან ერთად გაეცნო.