სექსუალური ხასიათის ქმედებაში მსჯავრდადებული გოგი წულაია საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
"ქალბატონ სალომე თვითონ აქვს თავის თავზე გამოცდილი თუ რას ნიშნავს კლანური სასამართლო და როგორ იმართება სასამართლოები საქართველოში, რაც მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩემი მოსამართლე, რომელმაც 4 წელი მომისაჯა, არის კლანის წევრი. მე არ ვარ პუტინის პატიმარი, მაგრამ ბერა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილის პატიმარი რომ ვარ, ამაში ვარ დარწმუნებული. ქალბატონ სალომეს ვთხოვ, შემიწყალეთ, რათა მომეცეს საშუალება ჩავერთო იმ პროცესებში, რომელიც საქართველოში ამ წუთს მიმდინარეობს", - განაცხადა გოგი წულაიამ.
შეგახსებთ, 2023 წელს სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკოსი გოგი წულაია სექსუალური ხასიათის ქმედებაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. რადგან წულაია განაჩენი დადგომამდე ქვეყნიდან წავიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 14 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა - საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მოლაპარაკებაში დახმარების მიზნით, ა.დ.-ს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, გ.წ.-მ დაზარალებულს ნაქირავებ ბინაში ღამე დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.წ.-მ დაზარალებულის მიმართ ძალადობით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.
გ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
2021 წლის 1 ივლისს გოგი წულაია პატიმრობიდან 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა