საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში, ბრალდებულმა შელაპარაკებისას შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა სამ პირს, რომელთაგან ერთ-ერთს ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულს სიცოცხლე შეუნარჩუნდა. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ სხვა პირებსაც.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 ივლისს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ” ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ორზე მეტი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. " - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.