"რადიკალური ოპოზიცია და განსაკუთრებით უცხოური აგენტურა ვერ მიხვდა, რომ ქართული გენეტიკა ისეთია, რომ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური გემოვნება შეიცვალოს ხოლმე, მაგრამ რევოლუციები და დამხობა საზოგადოებას არ სურს," - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდა ხელისუფლების დამხობის და გადატრიალების პროცესები.
„რადიკალური ოპოზიცია და განსაკუთრებით უცხოური აგენტურა ვერ მიხვდა, რომ ქართული გენეტიკა ისეთია, რომ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური გემოვნება შეიცვალოს ხოლმე, მაგრამ რევოლუციები და დამხობა საზოგადოებას არ სურს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თავადვე აღიარეს, რომ 4 ოქტომბერს აქციაზე არ მივიდა იმ რაოდენობის ხალხი, რასაც ელოდებოდნენ. ვეუბნებოდით, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ არ დაიჯერეს. ხალხში რევოლუციის განწყობა არ იყო. გვხვდებოდნენ სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში პოლიტიკურად მოწინააღმდეგე ადამიანები, მაგრამ დამხობის მომხრე არცერთი არ იყო. ამიტომაც მოუწია რადიკალურ ოპოზიციას აღიარება, რომ არ შედგა გადატრიალება და დამხობა.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ 4 ოქტომბერს გარდა იმისა, რომ დამარცხდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები, დამარცხდა დამხობისა და რევოლუციის იდეა. ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდა ხელისუფლების დამხობის და გადატრიალების პროცესები,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.