„ავტომობილის საკუთრებაში ფლობა, გაჩერება და გადაადგილება - ეს ერთი მთლიანი საკითხი არ არის. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფლობა მისასალმებელია და მისი გადაადგილება ხელშეწყობას საჭიროებს, თუმცა პრიორიტეტი მაინც ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული ქალაქია“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად დედაქალაქში არასაკმარისი საპარკინგე ადგილების შესახებ.

მისი განცხადებით, ქალაქში უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და მიმდინარეობს სატრანსპორტო რეფორმა, რაც ნიშნავს, რომ ქალაქი ქვეითის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროებაზე მორგებული უნდა იყოს.

 „რაც უფრო მეტ ადამიანს ეყოლება მანქანა, თავისთავად კარგია. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილების გაჩერების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ რესურსი არის შეზღუდული. ყველა მანქანას ეს ქუჩები ვერ გაატარებს და აქ უპირატესობა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტს ენიჭება“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო მიმართულებით რეფორმები ქალაქში სწორედ ამ პრინციპით მიმდინარეობს და წარიმართება მომავალში.

„ამ განცხადების შინაარსი სწორედ ის არის, რომ ჩვენს საზოგადოებას თანდათან ის მარტივი ჭეშმარიტება ავუხსნათ, თუ რა არის კერძო საკუთრება და რას ნიშნავს საზოგადოებრივი, საჯარო ინტერესი“, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

საკრებულოს წევრმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ დღეს საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, რომლის ხსენების დღეც არის.

„215 წელი გავიდა ამ დიდი მოღვაწის დაბადებიდან. დაზუსტებული თარიღით, ის დაიბადა 1811 წლის ძველი სტილით 14 აპრილს, ახალი სტილით კი მისი დაბადების დღე სწორედ დღეს, 27 აპრილსაა და ეს დღეს ამ ისტორიულ დარბაზში ნამდვილად უნდა აღგვენიშნა “, - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.