ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სოფელ ჭაბუკიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. გზა ქალაქ გურჯაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით იწყება, სოფელ ჭაბუკიანზე გადის და ამავე სოფლის აღმოსავლეთით მთავრდება.
პროექტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა: გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ახალი წყალგამტარი მილები, გაბიონის ქვედა საყრდენი კედელი, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. ასევე, დამონტაჟდა ახალი საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა ერთი ხიდიც.
განახლებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობებს და უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და კომფორტულ სატრანსპორტო კავშირს.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 24.4 მილიონი ლარი შეადგინა.




