„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ფავლენიშვილის განაცხადებით, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს საკმაოდ კარგი მენეჯერული უნარები აქვს, რის გამოც ხელაღებით ვერ იტყვის, რომ პარტიის თავმჯდომარეობას ვერ შეძლებდა.
" ზოგადად, თავმჯდომარეობა გახლავთ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობა. კონკრეტულმა ადამიანმა თვითონ უნდა განსაჯოს, რამდენად მზად არის ამისთვის. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ გახლავთ ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანს ტყუილუბრალოდ შესთავაზებდა პოსტს. რა თქმა უნდა, ნანუკა ჟორჟოლიანს გარკვეული უნარ-ჩვევები აქვს. გასაგებია, რომ შეიძლება, კლასიკური გაგებით, პოლიტიკოსი არ იყოს, მაგრამ ძალიან ენერგიული, სახალხო, აქტიური პერსონაა, რომელსაც საკმაოდ კარგი მენეჯერული უნარები აქვს. ამიტომაც ხელაღებით ვერ ვიტყოდი, რომ თავმჯდომარეობას ვერ შეძლებდა. პირიქით, მიმაჩნია, რომ ამისთვის ძალიან კარგი უნარ-ჩვევები აქვს, თუმცა თვითონ თუ არა აქვს სურვილი, ადამიანს ძალით ვერ გახდი თავმჯდომარეს. ეს ისეთი რთული პასუხისმგებლობაა, რომ მისი აღება, პირველ რიგში, იმ კონკრეტული ადამიანის მიერ უნდა მოხდეს. კონკრეტულ ფორმატებზე მიმდინარეობს საუბარი. მხოლოდ თავმჯდომარეობა არ არის ის თანამდებობა, რისი გამოყენებითაც შეძლებს საკუთარი იდეების განხორციელებას ჩვენ პარტიაში. მიმაჩნია, რომ რა ფორმატიც გამოიძებნება და რა როლსაც გამოძებნის ამ პარტიაში, აბსოლუტურად მისაღები იქნება ჩვენთვის. ძალიან კარგია, რომ ის თვისებები, რაც ჩამოვთვალე და რაც მას აქვს, ნებისმიერი სხვა ფორმატით წაადგეს პარტიის საქმიანობას.
... რა შემოთავაზებები გაკეთებულა, ამაზე თავს შევიკავებდი. არ მინდა, სხვის მაგივრად ვილაპარაკო, მაგრამ ზოგადად, თინა ბოკუჩავა ჩვენი გუნდის ღვაწლმოსილი წევრი გახლავთ და დამსახურებებიდან გამომდინარე, ამ გუნდში უნდა დარჩეს.
ფაქტი არის მარტივი, პოლიტიკაა, შეიძლება განსხვავებული აზრები გვქონდეს კონკრეტულ საკითხებზე თავად პარტიის შიგნითაც, ეს ჩვენთვის ტრაგედია ნამდვილად არ გახლავთ. „ნაცმოძრაობას“ ბევრად უფრო პლურალისტური და დემოკრატიული სტანდარტები აქვს, მათ შორის შიდა ოპერირებისაც. გიდასტურებთ, რომ ეს ადამიანი მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო წევრია გუნდისთვის. შეიძლება, თვითონ მოიფიქროს, შეიძლება, ჩვენთან კონსულტაციის შედეგად. ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი იქნება, რომ გააგრძელოს მუშაობა. შეიძლება, თავმჯდომარეობაც უნდოდეს, კანდიდატურაც დააყენოს. თინას მაგივრად ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, ზუსტად როგორ ხედავს საკუთარ თავს პარტიაში.
მაგალითად, რამდენიმე კანდიდატი თუ იქნება, შეიძლება ჩატარდეს არჩევნები. ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ შორის ყრილობა. პოლიტსაბჭოც უნდა ჩატარდეს, სადაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, როგორ ავირჩევთ თავმჯდომარეს, რამდენი კანდიდატი გვეყოლება, შესაბამისად, წესზეც შევთანხმდებით. შეიძლება, ეს იყოს ისეთივე ფორმატი, როგორიც დაახლოებით ლევან ხაბეიშვილის არჩევნების შემთხვევაში, შეიძლება იყოს დელეგატების მიერ თავმჯდომარის არჩევა. წინასწარ ვერ გეტყვით, ვინ დააყენებს კანდიდატურას. ჯერჯერობით ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ივანიშვილის „ოცნებისგან“ განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუსტადაც რომ ის პოლიტიკური ძალაა, სადაც ერთი ადამიანი რასაც ამბობს, თუნდაც ეს მიხეილ სააკაშვილი იყოს, შეიძლება, საბოლოო ჯამში, ასე არ მოხდეს, რადგან განსხვავებული აზრები არსებობდეს. რაც შეეხება შიდა დემოკრატიას, შეიძლება, რაღაც ხარვეზები არსებობდა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩვენს პარტიაში რა შიდადემოკრატიის ხარისხიც იყო, ასეთი არ ყოფილა არცერთ სხვა პარტიაში. ეს არის ცალსახა ფაქტი და ამას მოწმობს უახლოესი წლების ისტორია. რამდენი არჩევნებიც ჩატარდა, იყო კონკურენტუნარიანი, ისეთი არჩევნები, სადაც ვინ გაიმარჯვებდა, წინასწარ არავინ უწყოდა. ეს ყველაფერი ბევრად უფრო რუტინულ და ორგანულ პროცესად უნდა ვაქციოთ ჩვენი პარტიისთვის ყველა დონეზე. ყველა გადაწყვეტილება რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე, ძალიან სახალხო ჩართულობით უნდა იყოს მიღებული. ვისაც ექნება სურვილი, მას შეუძლია, დააყენოს საკუთარი კანდიდატურა ან შეიძლება, ადამიანებს, გარკვეულ ჯგუფს ჰქონდეს აზრი, რომ კონკრეტული პირი არის შესაფერისი კანდიდატურა და მათ დააყენონ. არავინაა შეზღუდული. არ გამოვრიცხავ, რამდენიმე კანდიდატიც გვყავდეს, მით უმეტეს ამაზე რაღაც საუბარი არსებობდა. გასაგებია, რომ ვინაიდან ნაკლებად გვყავს საზოგადოებისთვის ცნობილი კონკრეტული კანდიდატი, შეიძლება, ბევრი კითხვა არსებობდეს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ეს ამბებიც გაირკვევა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა: პარტიის თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია, არ მაქვს ამის კომპეტენცია - პოლიტიკური ლიდერი არის მიშა, მე უნდა ვიყო სწორი შუამავალი ხალხსა და მიშას შორის
მანამდემ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი