სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია, მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8000-წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აგრძელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი მეღვინეობა დღეს მძლავრი და თანამედროვე ინდუსტრიაა. ბოლო ათწლეულში, ჩვენი მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად, საექსპორტო გეოგრაფია გაორმაგდა და დღეს ქართული ღვინო უკვე 70 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი. მასშტაბები შთამბეჭდავია: 2025 წელს ექსპორტირებულია 90 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რომლის ღირებულებამ 268 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება.

 სახელმწიფო პოლიტიკამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ისიც, რომ მწარმოებლების რაოდენობა თითქმის 30-ჯერ გაიზარდა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ საქმეში ახალი თაობა ერთვება. დღეს საქართველოში 3 ათასამდე რეგისტრირებული მარანი და კომპანიაა, რაც აძლიერებს ჩვენს რეგიონებს და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე და საოჯახო მარნების ნაწილში, რომლებმაც, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად, პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლეს.

 სახელმწიფოს პრიორიტეტად რჩება ხარისხის განუხრელი ზრდა და ახალი ბაზრების ათვისება. ჩვენი მიზანია, მსოფლიო ქართულ ღვინოს იცნობდეს, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, რომელიც 8000-წლიან ტრადიციას მუდმივი განვითარებით აგრძელებს.

 მჯერა, ჩვენი - სახელმწიფოს, მევენახეთა და მეღვინეების ერთიანი ძალისხმევით, ქართული ვაზი კვლავაც იქნება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი, ეკონომიკური სიძლიერისა და საერთაშორისო აღიარების გარანტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.