ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ეძღვნება უძრავი ქონების საკითხებს და საქართველოში ამ საერთაშორისო ფორუმის გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად სერიოზული გლობალური და რეგიონული სირთულეებისა, საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება და საქართველოს მთავრობა ამ ტენდენციის შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს. 

„მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ძალიან სერიოზული გლობალური, რეგიონული სირთულეები, საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.  გასული 5 წლის განმავლობაში, საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი ევროპის კონტინენტზე და რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2021-2025 წლებში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9.3%-ს მიაღწია. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არის ნომერ პირველი მაჩვენებელი ჩვენს კონტინენტზე. ასევე, მოხარულნი ვართ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ექნება ასევე პირველი ადგილი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.  ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჩამოყალიბებული ტენდენციის შენარჩუნებას და ამისათვის საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს,“- განაცხადა პრემიერმა.